თბილისში, პედოფილიაში მხილებული მამაკაცი ლინჩის წესით გაასამართლეს

0
127

 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი გადაიყვანა. მას სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პაციენტი, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნებით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყავნეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სწორედ აღნიშნული საავადმყოფოდან ანონიმურობის გარანტიით მოგვაწოდეს საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს თბილისის ერთ-ერთ უბანში ადგილობრივი მოსახლეობა გაუსწორდა. შეიძლება ითქვას, რომ ის ლინჩის წესით გაასამართლეს, რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია. ამ ამბის წინაპირობა კი კიდევ უფრო სკანდალურია. როგორც შემთხვევის ადგილზე „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, მამაკაცი უკვე კარგა ხანია, პედოფილიაში იყო შემჩნეული. პირად საუბრებში მოსახლეობა გვიყვება, რომ მისი ვინაობის დადგენას პოლიცია სამი თვის განმავლობაში ცდილობდა. ჩვენ ამ საქმის ფიგურანტებისა და კონკრეტული ადგილმდებარეობის დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, თუმცა გაგაცნობთ თვითმხილველების ნაამბობს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.
ბოლო შემთხვევა ამ უბანში მდებარე სკვერთან მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი პატარა გოგონას მოტყუებით ავტომობილში ჩასმას ცდილობდა, მანამდე კი მის მიმართ გარყვნილი ქმედება სცადაო. მოძალადე მამაკაცს ბავშვი ხელიდან დაუსხლტდა და მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო. ბავშვის მამამ და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე მამაკაცმა პედოფილიაში მხილებული პირი იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ის ჯიპის მარკის ავტომობილით გაქცევას ცდილობდა. აი, რას გვიყვება იქვე მდებარე ერთ-ერთი სამკერვალოს თანამშრომელი, რომელიც მომხდარ ფაქტს პირადად შეესწრო:
– კორპუსის წინ მოხდა ეს ამბავი. ბავშვი მანქანაში უნდა ჩაესვა. მერე ეს კაცი სცემეს.
– ვინ სცემა?
– ბავშვის მამამ და აქ უბნის ბიჭებმა. ვინ შეარჩენდა, აბა, ასეთ რაღაცას ხო?! მერე ეს კაცი პოლიციამ წაიყვანა. ალბათ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, იმიტომ, რომ საშინლად იყო ნაცემი.
– ავტომობილით მოძრაობდა?
– კი. ვერცხლისფერი ჯიპი ჰყავდა. მერე კაი ხანი ეს მანქანა აქ იდგა. ცოტა ხნის წინ წაიყვანეს.
– ადგილობრივი მაცხოვრებელია?
– მისი შვილი ცხოვრობს აქვეო, როგორც თქვეს. ოჯახშიც არ ჰქონია ამ კაცს კარგი ურთიერთობა. გამოგდებული ჰყავდათ სახლიდან და ხშირად მანქანაში ეძინაო. ისიც თქვეს, რომ აგერ სუპერმარკეტის კამერებსაც ჰყავთ დაფიქსირებულიო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.
– იცით, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ამ კაცის მხრიდან ძალადობა?
– ნუ, ჯერ უთქვამს, ნაყინს გიყიდი და გაგასეირნებო. უცხო ბავშვს რომ მანქანით გასეირნებას სთავაზობ. მშობლების ნებართვის გარეშე, ამითაც ჩნდება ეჭვი ხომ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ბავშვს რომ უარი უთქვამს, შემდეგ უკვე ძალით ცდილობდა მანქანაში ჩასმასო, მაგრამ ბავშვს გაქცევა მოუხერხებია და მშობლებს უამბო მაშინვე ყველაფერი. და ამის მერე მოხდა ის, რაც მოხდა. მანამდეც იყო რაღაც შემთხვევებიო, მაგრამ მხოლოდ ყურმოკვრით მაქვს გაგებული.
– თვითონ ეს მამაკაცი უარყოფდა ძალადობას?
– კი, უთხრეს – სად მიგყავდა ბავშვიო და ყველაფერი უარყო. რა ბავშვი, საერთოდ არ მინახავს ეს ბავშვიო. ცოლი მყავს გარდაცვლილი და შვილიც მომიკვდაო, მაგრამ ამასაც იტყუებოდა, რადგან მისი შვილი აქვე, ზევით ცხოვრობს თურმე.

ჩვენ იმ მარკეტის მენეჯერსაც გავესაუბრეთ, რომლის კამერებსაც, წესით, ბავშვზე ძალადობა უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა დაწესებულებაში განგვიმარტეს, რომ მათ პოლიციის ნებართვის გარეშე კამერის ჩანაწერებზე საუბრის უფლება არ აქვთ და საერთოდაც, მომხდარის შესახებ არაფერი იციან.
მათგან განსხვავებით, ინფორმაცია არ დაუმალავთ იქვე მდებარე სხვა მარკეტში, რომლის გამყიდველიც მამაკაცის ცემის ფაქტს, ასევე, პირადად შეესწრო. აი, რას ყვება ის:
– ორ კვირაზე მეტი გავიდა, მგონი, მაგ ამბიდან. აქვე სცემეს ის კაცი უბნის ბიჭებმა. პოლიციაც იყო მოსული. განყოფილებაში წაიყვანეს დაკითხვაზე, მაგრამ იქ მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანესო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ამბობენ, გარდაიცვალაო.
– თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად?
– ნუ, როგორც გავიგე, ბავშვებს დასდევდა და იტყუებდაო. რამდენჯერმე შეუმჩნევიათ. ბოლოს ერთ-ერთმა ბავშვმა ამოიცნო კიდეც. გამწარებული იყო მამამისი. დიდი ჩოჩქოლი ატყდა უცბად. თვითონ კი ყვიროდა, არ ვარ დამნაშავეო, მაგრამ ეგ კაცი სხვა შემთხვევებშიც ფიქსირდებოდა, პოლიციასაც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ვერ იჭერდნენ. კონკრეტული ფაქტი არ ჰქონდათ, თუ სხვა მიზეზი იყო რამე, არ ვიცი.
– ბავშვმა ამოიცნო ეს პირი?
– ხო, ბავშვი მოიყვანეს და ამოიცნო. ტირილი დაიწყო, – ეს კაცი იყოო, – თქვა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და მთელი უბანი დაესია. სხვებმაც იცნეს აქ. გამხდარი, ჭაღარა კაცი იყო და მისი ამოცნობა ძნელი არ იქნებოდა.
კიდევ ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ არასრუწლოვან გოგონაზე ძალადობის მცდელობა დაახლოებით ნახევარი წლის წინათაც მოხდა. 8 წლის ბავშვი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სავარაუდოდ, იმავე პიროვნებამ კორპუსის სადარბაზოში ძალის გამოყენებით შეათრია და მის გაუპატიურებას ცდილობდა.
– უჭკვიანესი ბავშვი, რომელზეც მთელ უბანს მზე და მთვარე ამოგვდის, დაიჭირა და ძალით სადარბაზოში შეათრია, გაუპატიურებას უპირებდა, მაგრამ ზედა სართულიდან რაღაც ხმაურის ხმა იყო, როგორც ჩანს, შეეშინდა და დროულად გაიქცა. ეს საწყალი ბავშვი, რომელსაც ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სულ აკანკალებული იყო. სავარაუდოდ, როგორც აღწერეს, იგივე მამაკაცზეა საუბარი. ძალიან ძნელია ამ დროს მშობელმა თავი მოთოკოს და პოლიციის მოსვლას დაელოდოს, როცა იცის, რომ მის შვილზე მოძალადე აქვე დასეირნობს.
– ანუ მსგავსი შემთხვევები აქამდეც ყოფილა?
– კი, კი… თანაც არაერთი. ბავშვების ეზოში მარტო დატოვება ნამდვილად საშიშია. ის კი არა, ქალებსაც უკვე ეშინიათ შებინდებისას გარეთ გამოსვლა, რომ ვინმე ასეთი ავადმყოფი არ დაესხათ თავს.
„პრაიმტაიმი“, ასევე, ესაუბრა იქვე მდებარე პარკირების კონტროლიორ მამაკაცს.
„იმ დღეს ჩემი მორიგეობა არ იყო, მაგრამ ვიცი, რაც მოხდა. იმ კაცს ძალიან სცემესო, როგორც ჩემმა სმენამ თქვა. ვერცხლისფერი ჯიპი ჰყავდა, აქ ჩვენთან ეყენა მანქანა. მერე მისმა ბიჭმა წაიყვანა ეს მანქანა“.
ჩვენთვის, ასევე, ცნობილი გახდა ადგილობრივების მიერ ლინჩის წესით გასამართლებული მამაკაცის ვინაობა. მისი ოჯახი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
„არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი. ჩვენი ოჯახი ამას არ ვახმაურებთ და თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია. არავის არ ვადანაშაულებ და არაფერი არ დაწეროთ“, – გვითხრა გარდაცვლილის ვაჟმა, თუმცა ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების გვერდის ავლით ადამიანის გასამართლება და მით უმეტეს, სავარაუდო პედოფილიის შემთხვევა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის მოთხოვნას ვერ გავითვალისწინებდით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ დაუდასტურეს, რომ ზემოხსენებულ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილზე მისულ პოლიციას შუახნის მამაკაცი ნაცემი დახვდა. ირკვევა, რომ ადგილობრივების მიერ პედოფილიაში მხილებული პირი, ისევე როგორც მის ცემაში მონაწილე მცირეწლოვანი ბავშვის მამა პოლიციამ დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანა. პირველ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა საქმე მას შემდეგ გადაკვალიფიცირდა, რაც ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, პოლიციის განყოფილებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, დაეწყო სისხლღებინება, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ამჟამად საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რომელმაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური ანგარიშსწორება. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, ვინ და რა ბრალდებით მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია – არ არის გამორიცხული, სწორედ ამ მუხლით დააკავონ არასრულწლოვანი გოგონას მამა და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, რომლებმაც ბავშვზე ძალადობაში მხილებული პირი ლინჩის წესით გაასამართლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here